«    ნოემბერი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30



ახალი ამბები / Aris.ge-განათლება / სკოლის საატესტატო გამოცდები იწყება!
სკოლის საატესტატო გამოცდები იწყება!

ბეჭდვა

სკოლის საატესტატო გამოცდები იწყება! 15 თებერვლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სკოლის საატესტატო გამოცდები გაიმართება. სკოლის მოსწავლეები საატესტატო გამოცდების ციებ-ცხელების მოლოდინში არიან. მათ მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩათ განვლილი მასალის გასამეორებლად.
პრაქტიკულად, სკოლებმა გამოცდების ჩატარება 4+4 მოდელით არჩიეს. მათ, ვინც ბარიერს ვერ გადალახავს, გამოცდის განმეორებით ჩაბარების შესაძლებლობა ექნება.

წელს, გამონაკლისის სახით, საატესტატო გამოცდების ჩატარება სკოლებს დაევალათ. გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო. ვინაიდან, არსებული რესურსი გამოცდების სრულყოფილად ჩატარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ეს იმ მემკვიდრეობის შედეგია, რომელიც გადმოგვეცა. ზედმეტი კითხვის ნიშნები, რომ არ გაჩენილიყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს გამოცდები სკოლებმა ჩაატარონ. მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი, საატესტატო გამოცდებს კვლავ გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. წელს, ეროვნული გამოცდება ტარდება ცენტრალიზებულად, ეროვნული გამოცდებისა და შეფასების ცენტრის მიერ. მომავალი წლიდან მათ მიერ სასკოლო გამოცდები ცენტრალიზებულად ჩატარდება. თქვენი საშუალებით საზოგადოებას მინდა ვაცნობო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ წელს, სასკოლო გამოცდების შედეგები, რომელსაც სკოლა ჩაატარებს, უმაღლეს სასწავლებელში მიღების საკითხზე ვერანაირად ვერ იმოქმედებს" - განუცხადა Edu.aris.ge-ს მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ.

გამოცდების პირველი ნაწილი 2013 წლის 15 თებერვლიდან პირველი მარტის, ხოლო მეორე, 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით გაიმართება.

გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა. იმის გათვალისწინებით, რომ წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა, იმ მოსწავლეს, რომელმაც რვა საგნიდან ნებისმიერ სამ საგანში მიიღო მინიმუმ 5.2 ქულა, ხოლო დარჩენილ 5 საგანში მიიღო 5.5 ქულა და მეტი, ითვლება,. რომ 2011 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა.

მოსწავლეებს გამოცდების პირველ ნაწილში - ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის, ხოლო მეორე ნაწილში - ქართულ ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, მათემატიკის და უცხო ენას ჩაბარება მოუწევთ.

როგორ ემზადებიან სკოლები საატესტატო გამოცდებისთვის? ამის გასარკვევად რამდენიმე სკოლას ვესტუმრეთ. გავესაუბრეთ მე-12 კლასელებსაც. მათი უმრავლესობა სკოლის გარდა, ცოდნის გაღრმავებას რეპეტიტორების დახმარებით ცდილობს. თუმცა, ამის ფუფუნება ყველა მათგანს როდი აქვს.

სამწუხაროდ, ზოგადისაგანმანათლებლო სკოლები ხარისხიანი განათლების მხრივ საგრძნობლად მოიკოჭლებენ. შესაბამისად, რეპეტიტორების მიმართ მოთხოვნა მაღალია. იმედი ვიქონიოთ, რომ სამინისტროს მიერ არჩეული კურსი, რომელიც სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ეხება, ახლო მომავალში შედეგი თვალსაჩინო გახდება და ოჯახს დამატებითი ხარჯების გაღება აღარ მოუწევს. თუმცა, კარგი განათლება, რომ ძვირია, ესეც კარგად ვიცით..

Edu.aris.ge-თან საუბარში პედაგოგები, სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ მთავარი ბავშვის მონდომება, მეცადინეობა, მიზანდასახულობაა. თუმცა, არც იმას უარყოფენ, რომ უკეთესი შედეგისთვის უპრიანია, რეპეტიტორებთან მომზადება.

რაც შეეხება საატესტატო ტესტებს. სკოლები ამ მხრივ სრულ მზადყოფნაში არიან. ტესტები მარტივიდან რთულისკენ არის შედგენილი.

მანანა დავითაია, 39-ე საჯარო სკოლის დირექტორი: "ჩვენმა მოსწავლეებმა 4+4 მოდელი აირჩიეს. ტესტები ჩვენმა პედაგოგებმა შეადგინეს. ყველას სკოლას აქვს საატესტატო გამოცდის ჩატარების პრაქტიკა. ამაში სირთულეს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მოსწავლე დამატებით რეპეტიტორებთან ემზადება. თუმცა, ყველას ამის საშუალება არ გააჩნია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის მოტივაციას, მონდომებას და მეცადინეობას. ცხადია, დამატებითი მომზადება ყველა შემთხვევაში უკეთესს შედეგს მოგვცემს"

მადონა მუმლაძე, 180-ე სკოლის დირექტორი: "ჩვენი სკოლა ყოველი წლის ბოლოს ისედაც ატარებდა გამოცდებს. ეს მშობლების მოთხოვნაც იყო. ამ მხრივ ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის მზად ყოფნაში არიან. მოსწავლეებს გამოცდების შედეგები 2 დღეში ეცნობებათ, ხოლო შედეგების გასაჩივრების ვადა გამოცხადებიდან 6 საათის განმავლობაში ექნებათ"

რაც შეეხება კომპიუტერზე ადაპტირებული კატ-ის სისტემას, რომელიც ურთულესი ალგორითმია, თუმცა ძალზე ეფექტიანი, რადგან შეუძლია მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვროს მოსწავლის შესაძლებლობა; ამ გზით საატესტატო გამოცდის ჩაბარების საშუალება მოსწავლეებს უკვე მიმდინრე წლის სექტემბრიდან მიეცემათ. (ეს შეეხება იმ მე-12 კლასელებს, რომლებიც სკოლას 2014 წელს დაამთავრებენ).

"მომავალში, საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით ჩატარდება. პირველი ნაწილი სექტემბერში ჩატარდება, ხოლო მეორე ნაწილი მომავალი წლისთვის გადაინაცვლებს. შეიძლება ითქვას, რომ ამით მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარებას გავუმარტივებთ"- განგვიცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

სალომე არის© გოგოხია







© 2011 - 2014 შ.პ.ს. "არის ჯი"
თბილისი, 0171
კოსტავას ქ.47, ოთახი #3
ტელეფონი: 192121
ელ.ფოსტა: contact@aris.ge
დაგვიკავშირდით